აფალინა (Tursiops Truncatus)

Tursiops Truncatus

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები 

ტიპი: ქორდიანები 

კლასი: ძუძუმწოვრები 

რიგი: ვეშაპისნაირნი 

ოჯახი: დელფინისებრნი 

სახეობა: აფალინა 

აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. აქვთ 2–3 მ სიგრძის თითისტარისებრი სხეული, რომელიც ჰორიზონტალური ორლაპოტიანი კუდით ბოლოვდება. წონა 150–300 კგ–ს აღწევს. მამრი მდედრზე 10–20 სმ–ით დიდია. აფალინას აქვს  მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა, მახვილი სმენა, ექოლოკაციის უნარი, რთული ბგერითი სიგნალიზაცია, კარგად განვითარებული შეხებისა და გემოვნების ორგანოები. სხეულის შეფერილობა ზემოდან მუქი რუხია, ქვემოდან კი ღია (რუხი ფერიდან თეთრამდე). აქვთ ძლიერი კბილები, პატარა თვალები, ყნოსვის ფუნქცია კი – დაკარგული. გავრცელებულია შავ ზღვაში, ხმელთაშუა, ბალტიის, კარიბის ზღვებში. გვხვდება წყნარსა და ატლანტიკის ოკეანეებშიც. აფალინები ცხოვრობენ ოჯახებად ან ჯგუფებად. საკვებისათვის შავ ზღვაში ყვინთავენ 90 მ სიღრმემდე, ხმელთაშუა ზღვაში – 150 მ სიღრმემდე. იკვებებიან თევზის სხვადასხვა სახეობით: სტავრიდა, ქაფშია, კეფალი, კამბალა და სხვა. მოზრდილ აფალინას დღეში შეუძლია მიიღოს 8–15 კგ თევზი. შეუძლიათ განავითარონ 40–50 კმ/სთ სიჩქარე და წყლიდან ამოხტეს 5 მ სიმაღლეზე. სძინავთ ღამით, წყლის ზედაპირზე, დღისით კი მხოლოდ ჭამის შემდეგ. პერიოდულად აღებს ქუთუთოებს 1-2 წმ-ში და ხურავენ 15-30 წმ-ით. დაკიდებული კუდის სუსტი დარტყმა დროდადრო ამოსწევს მძინარე ცხოველს წყლიდან, მორიგი სუნთქვისათვის. ძილის დროს ტვინის ერთი ნახევარსფერო ისვენებს, მეორე კი ფხიზლობს.

მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 35–40 წელია, თუმცა დელფინარიუმებში ისინი 50 წელზე მეტსაც კი ცოცხლობენ. მდედრი სქესმწიფობას აღწევს 5–12 წლის, მამრი 8–15 წლის ასაკში. მრავლდებიან გაზაფხულზე და ზაფხულში, ორსულობა 12 თვეს გრძელდება, შობს ერთ ნაშიერს, იშვიათად ტყუპებსაც კი. ახალშობილი 18–23 თვის განმავლობაში იკვებება დედის რძით.

თვინიერი არსებაა, რის გამოც მრავალი ქვეყნის ოკეანარიუმებში თუ დელფინარიუმებში მათზე ატარებენ ექსპერიმენტებს ექოლოკაციის, ქცევის, ფუნქციური მორფოლოგიის და სხვა საკითხების შესასწავლად. ქვესახეობებიდან შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონაში გვხვდება შავი ზღვის აფალინა (Tursiops Truncatus Ponticus).

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

დელფინთა ჯგუფებში ჩვეულებისამებრ მდედრი დელფინები ჭარბობენ. აქედან გამომდინარე დელფინარიუმებში ჰარმონიული ჯგუფები შედგებიან 1 მამრისა და რამოდენიმე მდედრისაგან. 

გახსნის დღიდან ბათუმის დელფინარიუმში 3 დელფინი დაიბადა.  

ზღვის ლომი (Zalophus Californianus)

Zalophus Californianus

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები 

ტიპი: ქორდიანები 

კლასი: ძუძუმწოვრები 

რიგი: მტაცებლები 

ოჯახი: ყურებიანი სელაპები 

გვარი: ფარფლფეხიანები 

სახეობა: ზღვის ლომი 

სახეობის სტატუსი: პოპულაცია ითვლის 200 000-დან 300 000-მდე ცხოველს.

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. როგორც წესი წონით მამრი ორჯერ აღემატება მდედრს. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო_ოქროსფერია. ზრდასრულ მამრს გააჩნია ფაფარი, რომელიც შედარებით ღია ფერისაა ვიდრე ბეწვი. პატარები იბადებიან შავი ან მუქი ყავისფერი ბეწვით, რომელიც განგურის შემდეგ შოკოლადის ფერი ხდება. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომების ზომები ძლიერ ვარირებს. მამრის ზომა 2.73 მ-ზე მეტია, ხოლო წონა 350 კგ აღწევს. მდედრის ზომა 1.8-2 მ-ა, წონა კი მამრების წონის ნახევარია, დაახლოებით 150კგ.

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომები ფართოს არიან გავრცელებული, პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიამდე, ფოლკლენდის კუნძულების ჩათვლით. ბინადრობენ ატლანტიკის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობენ ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდებიან ღრმა წყლებში.

იკვებებიან თევზებით და ზღვის სხვა ორგანიზმებით, საკვების რაოდენობა შეესაბამება სხეულის წონის 5-8%-ს დღეში (6.8-18.2კგ).

დაწყვილების დრო აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ერთი მამრი 18-მდე მდედრთან წყვილდება, ფეხმძიმობა 11-11,5 თვეს გრძელდება. ახალდაბადებული ნაშიერი 11-15 კგ-ს იწონის.

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია. 

გახსნის დღიდან ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა 3 ზღვის ლომი, მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.

0
0
0
s2sdefault