IMG 6639 

ამ უნიკალურ კადრებზე დელფინის დაბადებაა აღბეჭდილი. იგი ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ გადაიღო.

„დილით ჩვეულებისამებრ შემოვლაზე ვიყავით, აუზები დავათვალიერეთ, ბინადრები მოვინახულეთ, ღამის მომვლელისგან ბოლო ინფორმაცია მივიღეთ. ველოდებოდით, რომ პატარა დღე-დღეზე უნდა დაბადებულიყო, ამიტომაც ორსული ციცი დაკვირვების 24 საათიან რეჟიმში იმყოფებოდა. მოლოდინში ვიყავით და ამიტომაც ტელეფონი, თან გვქონდა ხოლმე. მშობიარობა საათზე მეტხანს გაგრძელდა, დავინახე როგორ გაიზნიქა ციცი რამდენჯერმე, მივხვდი, რომ მშობიარობა დაეწყო. ეს კადრები 09:40 წუთზე გადავიღე. როცა პატარა დავინახე, სიხარულისაგან ცრემლები ვერ შევიკავე“, - ყვება ანა.

 

ჩვეულებისამებრ პატარა იბადება კუდით წინ, რაც მათ სხვა ძუძუმწოვართაგან განასხვავებს. კადრებზე ჩანს, დაბადებიდან რამდენიმე წამში დედა დელფინმა, სახელად ციციმ, შვილი წყლის ზედაპირზე ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის ამოაცურა. ამის შემდეგ კი, პატარა დედის მეთვალყურეობის ქვეშ, აუზში ცურვას იწყებს. პერიოდულად ჰაერის მორიგი ჩასუნთქვისთვის წყლის ზედაპირზე ამოდიან. დაბადებიდან რამდენიმე წუთში დედა დელფინმა შვილი რძით გამოკვება. ძუძუთი კვება და ასევე წყალქვეშ ორიენტირების სწავლის პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება.

 

 ორსულ ციცის აუზის სხვა ბინადრებიც გულშემატკივრობდნენ. პატარას ყურადრებიანი დეიდები და ბიძები ყავს.

პატარა დედასთან ერთად შოუს აუზში იმყოფება. წარმოდგენის მიმდინარეობისას მათი პერიოდული გამოჩენა მაყურებელთა აუღწერელ ემოციას იწვევს.

 

კიდევ ერთი ულამაზესი, ჯანმრთელი და ძლიერი პატარა დელფინი 20 ივნისს, 04:50 წთ-ზე დაიბადა. ბედნიერი დედა - ფლიპერია. იმშობიარა სწრაფად და მარტივად, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების, გამოცდილი ვეტერინარისა და მოსიყვარულე და მზრუნველი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.  ჩვეულებისამებრ, ყურადღება და პატარაზე ზრუნვა დაბადებიდან პირველივე წამებში დაიწყო. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ამჟამად ფლიპერი პატარას უკვე ასწავლის წყალზე ტივტივსა და ღრმად ჩაყვინთვას. კვებავს საკუთარი რძით, ხოლო დელფინთა მთელი ოჯახი მხარს უჭერს და ეხმარება ახალგაზრდა დედას.

ეჭვი, ციცისა და ფლიპერის „საინტერესო მდგომარეობის“ შესახებ, დელფინარიუმის სპეციალისტებს ჯერკიდევ 11 თვის წინ გაუჩნდათ. მათ წონაში მატება დაიწყეს. მოგვიანებით ვარაუდი გეგმიურმა ექოსკოპიამაც დაადასტურა.

დელფინები - არსებები მაღალგანვითარებული ინტელექტითა და მგრძნობიარე ნერვული სისტემით. ამიტომაც, ისინი ხელოვნურად შექმნილ საარსებო  გარემოში ნაკლებად თუ მრავლდებიან. შესაბამისად დელფინარიუმებში დელფინის დაბადება უნიკალური და საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. თუმცა არა ბათუმის დელფინარიუმისთვის, სადაც დელფინის დაბადება უკვე კეთილ ტრადიციად იქცა.

ისეთი სასიამოვნო სიახლე, როგორიც დელფინის დაბადებაა - შესანიშნავი მტკიცებულებაა იმისა, რომ აქ შექმნილია ყველა ხელსაყრელი პირობა სიცოცხლისა და შთამომავლობის გაგრძელებისათვის. ეს ფაქტი ასევე ბინადართა იდეალურ ჯანმრთელობაზეც მეტყველებს, რადგან რეპროდუქციის უნარი მხოლოდ აბსოლუტურად ჯანმრთელ დელფინებს გააჩნიათ.

ახალშობილი დელფინების სახელების შესარჩევ კონკურსს, მათი სქესის დადგენის შემდეგ გამოვაცხადებთ. ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი ვერსიის გამოგზავნას, ჩვენს ვებ-გვერდზე www.dolphinarium.ge

გამარჯვებულები, მითითებული პირობების თანახმად, „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოვლინდებიან.

ვულოცავთ მთელ კოლექტივს, ყოველდღიური შრომის, მორიგ შედეგს!

0
0
0
s2sdefault